
სააკაშვილმა აშშ–ში ვიზიტი დაასრულა
6 ივლისს მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში აშშ–ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა და სამუშაო საუზმე გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან რიჩარდ ჩეინისთან, რომელსაც ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, ენერგეტიკის მინისტრი სამუელ ბოდმანი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პიტერ პეისი, ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ჰანა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრების დროს განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პროცესში მიღწეული შედეგები, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პერსპექტივები, ტერორიზმთან გლობალურ ომში თანამშრომლობა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.
სამინისტროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა კონფლიქტების მოწესრიგებისა და ენერგოუსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის საქმეში საქართველოს დასახმარებლად.