ახალი ამბები

დეპუტატი ზეწოლაზე განცხადებას აკეთებს

დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა უმრავლესობის წევრის ბადრი ნანეტაშვილის საკითხი, რომელსაც სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, შიდა ქართლის რეგიონულ ტელეკომპანია “თრიალეთის“ მართვაში მონაწილეობა და ამდენად, პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობა ედება ბრალად, რასაც თავად ნანეტაშვილი უარყოფს.


დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბადრი ნანეტაშვილმა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთს ლიდერს გიგა ბოკერიას მის წინააღმდეგ ზეწოლაში საჯაროდ დასდო ბრალი.

მისი განცხადებით, გიგა ბოკერიამ მას პარლამენტის ნებაყოფლობით დატოვება, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “თრიალეთში“ კუთვნილი აქციების გაყიდვა მოსთხოვა.


ამ ბრალდების ადრესატებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ეს პარლამენტში დეპუტატისათვის შეუთავსებელი საქმიანობის წინ წამოწევის უკვე მესამე შემთხვევაა. 31 მარტს ყოფილ ოპოზიციონერ დეპუტატს ვალერი გელაშვილს პარლამენტმა ასევე შეუთავსებლობის მოტივით დეპუტატის მანდატი ჩამოართვა, მანამდე კი 28 თებერვალს უმრავლესობის წევრმა კობა ბექაურმა დეპუტატის მანდატი ნებაყოფლობით მას შემდეგ დატოვა, რაც მისი სამეწარმეო საქმიანობა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ არ დაადასტურა. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრის კახა კუკავას განცხადებით,  პარლამენტიდან “გასაძევებლად” უმრავლესობამ ამჯერად ნანეტაშვილი შეარჩია, “არადა პარლამენტში მის გარდა უამრავი ცნობადი ბიზნესმენია“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button