
რუსეთი ქართულ–აფხაზურ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს
მოსკოვი “მნიშვნელოვანს“ უწოდებს ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის აღდგენას, რომლის პირველი სხდომაც გაეროს ეგიდით ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში 15 მაისს გაიმართა.
“ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ყველა არსებული მოლაპარაკებათა მექანიზმების ამუშავების საჭიროებას. ვიმედოვნებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემდგომი მუშაობა ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 16 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.
15 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც რუსეთის, როგორც “შუამავალი მხარის“, გაეროს, ეუთოს და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა სამი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლებიც შესაბამისად უსაფრთხოების, დევნილთა დაბრუნებისა და სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართულებებზე ივნისიდან დაიწყებენ აქტიურ მუშაობას.
აფხაზურმა მხარემ ასევე წარმოადგინა სამშვიდობო წინადადებები, ქართულმა მხარემ კი საგზაო რუკის უახლოეს მომავალში წარდგენის განაცხადი გააკეთა.
“შუამავალი მხარის რანგში, რუსეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საკოორდინაციო საბჭოსა და მისი ჯგუფების მუშაობაში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.