ახალი ამბები

მოსკოვი შსკ–ს სხდომის შედეგებს პოზიტიურად აფასებს

რუსული მხარე 11–13 მაისს ცხინვალში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომას “პოზიტიურად“ აფასებს და  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გზაზე მიღწეულ “შესამჩნევ წინსვლაზეც“ მიუთითებს.


“მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქართულმა წარმომადგენლობამ კომპრომისული გადაწყვეტილებებისადმი მზადყოფნა არ გამოავლინა, რასაც ისინი ცდილობდნენ გადაეფარათ რუსეთის მიმართ გამოგონილი ბრალდებებით, შევძელით შედეგებზე გასვლა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 16 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში. 


შსკ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი სამშვიდობო პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, ასევე კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის ძირითად მიმართულებებზე, ივნისის დასაწყისში შსკ–ს მხარეების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდა.


თუმცა ქართულმა მხარემ უარი თქვა ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე სპეციალური დოკუმენტის შემუშავებაზე იმ მოტივით, რომ სამშვიდობო გეგმების პარალელურად ასეთი დოკუმენტის მიღების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.


“მიუხედავად ამისა, მხარეებმა მაინც შეძლეს საერთოს გამონახვა ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზნით შსკ–ს ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელმაც კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი პროგრამა უნდა შეიმუშავოს, დაევალა შემჭიდროვებულ ვადებში მოამზადოს ასეთი დოკუმენტის ფორმები და შინაარსი“, – აცხადებს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება.

Back to top button