
პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი15 მაისს თბილისში ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს შეხვდა, სადაც ქვეყანაში გატარებული რეფორმები და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას, სადაც ეუთოს საჭიროებათა შემფასებელი მისიის მიერ განსაზღვრული პროექტების დაფინანსების საკითხი უნდა გადაწყდეს.
ზურაბ ნოღაიდელმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისთვის გამოიყოს იგივე რაოდენობის თანხა, რასაც დონორი ქვეყნები გაიღებენ.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სასამართლო სფეროს რეფორმირებაზე და განაცხადა, რომ სპეციალური კომისიის მიერ, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც 5-7 წლიან პერიოდზე იქნება გათვლილი და მის ფარგლებში 1 მილიარდ ლარამდე თანხის მიმართვა იგეგმება.