
ნოღაიდელი: რუსული ინვესტიციები საფრთხეს არ ქმნიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 15 მაისს განაცხადა, რომ რუსული ინვესტიციები საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიან და დასძინა, რომ ხელისუფლება არ აპირებს “ხელოვნური შეზღუდვები“ დაუწესოს იმ რუსულ სახელმწიფო ან კერძო კომპანიებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
ცოტა ხნის წინ ზოგიერთმა ქართველმა ანალიტიკოსმა შეშფოთება გამოხატა რუსული ინვესტიციების მიმართ თბილისის “ღია კარის პოლიტიკის“ გამო, ორ მეზობელს შორის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე.
“ნებისმიერი ინვესტიცია, იქნება ის რუსეთიდან, თუ სხვა რომელიმე ქვეყნიდან, იქნება ის კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიცია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, ზრდის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში და ამრიგად აძლიერებს ქვეყანას. ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ ამ პოლიტიკას მომავალშიც“, – განაცხადა ნოღაიდელმა ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში “პირველები“ 15 მაისს.
“ხელოვნური შეზღუდვების დაწესება გარკვეული ქვეყნების წარმომადგენლებისთვის პრივატიზაციის პროცესში არასოდეს დადგება დღის წესრიგში, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ამას აზრი არ აქვს და არანაირ შედეგებს არ მოიტანს და არც ვაპირებთ ამ გზას დავადგეთ. ეს არანაირ საფრთხეს არ უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“მინდა გავიმეორო, თუ რუსი ინვესტორები, კერძო თუ სახელმწიფო, მონაწილეობას მიიღებენ პრივატიზაციაში; ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს და მე მხოლოდ მივესალმები ამას. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ… მაგრამ, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა “არც კი განიხილავს“ ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხს.
მან აღნიშნა, რომ ივნისში მთავრობა გაყიდის ენერგოობიექტებს, მათ შორის ელექტროენერგიის გამანაწილებელ და ჰიდროელექტროსადგურებს, გარდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურისა.