ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი აღიარებით ჩვენებას იძლევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი სიმონ კილაძე, რომელიც 28 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, სამართალდამცავებს აღიარებით ჩვენებას აძლევს და პრეზიდენტს შეწყალებას თხოვს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიოდეო–მასალაში, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა დღეს გაავრცელეს, სიმონ კილაძე აცხადებს, რომ მან 2004 წლის მაისში ელექტრონულ მისამართზე მიღებული წერილის საფუძველზე დაიწყო ჯაშუშობა. თუმცა კილაძე გავრცელებულ ვიდეო–მასალაში არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობდა იგი.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილს ქართული და უცხოური პრესის მონიტორიგი და შესაბამისი დაიჯესტების მომზადება ევალებოდა.


“2004 წლის მაისში ელექტრონულ მისამართზე მოვიდა წერილი და შემომთავაზა ჩემს მიერ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გარკვეული ფინანსური ანაზღაურება… იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ოჯახი იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, მე დავთანხმდი შემოთავაზებულ წინადადებას და შემდგომში მოწოდებული კითხვების შესაბამისად, ჩემს მიერ არაერთგზის იქნა მომზადებული ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების, პრობლემების, პრეზიდენტის და მისი გარემოცვის, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე სამთავრობო დელეგაციების ვიზიტების, ამ ვიზიტებზე განსახილველი საკითხებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“, – აცხადებს ვიდეო–აღიარებაში კილაძე.


კილაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაციები  ცნობილი ხდებოდა როგორც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე პირადი კავშირების საშუალებით, რომელიც მას გააჩნდა პრეზიდენტის ადმინისტაციაში.   “ყოველი გადაცემული ინფორმაციის სანაცვლოდ მე ვიღებდი ფულად გასამრჯელოს“, – დასძენს იგი, თუმცა თანხის ოდენობას არ აკონკრეტებს.


“ამჟამად მომეცა რა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გამეანალიზებინა ყველაფერი, ვინანიებ რა ყოველივეს, მინდა ვითხოვო პატიება. მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მივაწიდო მათ ჩემს ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია და ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს ჩემს მიმართ გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები“,  – განაცხადა სიმონ კილაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button