
ოპოზიცია პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომას ტოვებს
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ და “დემოკრატიული ფრონტიდან“ 28 თებერვალს პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დეპუტატებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიდა.
“მე ვერ შევძლებ ვუპასუხო თქვენს [პარლამენტართა] მიერ დასმულ ბევრ შეკითხვას, რადგანაც მეშინია არ გავაკეთო ისეთი განცხადება, რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლის, ან მიჩნეული იქნება როგორც ზეწოლა გამოძიებაზე“, – განაცხადა მინისტრმა მას შემდეგ რაც დეპუტატებმა მკვლელობის საქმის დეტალებზე დაუსვეს კითხვები.
მერაბიშვილის თქმით, არ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების გათავისუფლების მიზეზი, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყვნენ მკვლელობის საქმესთან.
კითხვები დაისვა ასევე 2005 წლის ივლისში ოპოზიციონერ დეპუტატზე ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კითხვაზე პასუხს გვერდი აუარა.
მერაბიშვილის გამოსვლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციურმა ფრაქციებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს “სასირცხვილო“ უწოდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გაკვირვება გამოხატა ოპოზიციის რეაქციასთან დაკავშირებით. “ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ გამოძიების დეტალებზე სხდომის დროს ვერ ვისაუბრებდით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს საქმე სწრაფად იქნას გამოძიებული და ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, დაისაჯოს”– დასძინა მან.