ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილენი სალარო აპარატების შემოღებას აპროტესტებენ

28 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც გამყიდველებს ავალდებულებს ბაზრობებზე სალარო აპარატებით ისარგებლონ. საპროტესტო აქცია ოპოზიციური “ლეიბორსიტული პარტიის“ ორგანიზებით ეწყობა.


პარლამენტის მიერ 2005 წლის დეკემბერში მიღებული კანონი 500 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს იმ გამყიდველებზე, რომლებიც 2006 წლის 1 მარტიდან სალარო აპარატებს არ დააყენებენ.


ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ კანონის მიღება მოვაჭრეთა შემოსავლების გამჭირვალობისთვის გახდა საჭირო.

ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა 27 თებერვალს ბაზრობების დირექტორებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად განაცხადა, რომ ბაზრობების დირექტორები სალარო აპარატებს საკუთარი სახსრებით შეიძენენ და მოვაჭრეებთან დადებენ ინდივიდუალურ 6–თვიან ან ერთწლიან ხელშეკრულებებს, რომელთა საფუძველზეც მოვაჭრეები სალარო აპარატების ღირებულებას განვადებით დაფარავენ.


ბაზრობების მოვაჭრეები აცხადებენ, რომ სალარო აპარატები, რომელთა საშუალო ღირებულება 300 ლარამდე აღწევს, მათ საქმიანობას მნიშვნელოვან ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.


ოპოზიციური “დემოკრატიული ფრონტი“ 27 თებერვალს კანონის ამოქმედების სულ ცოტა ერთი თვით გადავადების წინადადებით გამოვიდა. თუმცა ოპოზიციის ეს მოთხოვნა პარლამენტმა ჯერ–ჯერობით არ გაითვალისწინა.


27–28 თებერვალს ანალოგიური საპროტესტო აქციები საქართველოს რეგიონებშიც, მათ შორის გორში და ქუთაისში, გაიმართა. 

Back to top button