ახალი ამბები

ნოღაიდელი: თავიდან ავიცილეთ H5N1 ვირუსის შინაურ ფრინველებში გავრცელება

დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროებათან დაკავშირებით განაცხდა, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლი კიდევ უნდა გამკაცრდეს.


მისი თქმით, ამ დროისთვის, აჭარაში, კერძოდ სოფელ ადლიაში, სადაც გარეულ ფრინველს H5N1-ის ვირუსი აღმოაჩნდა, დროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან არის აცილებული გარეული ფრინველიდან შინაურ ფრინველზე ვირუსის გავრცელების საშიშროება.


“მინდა აღვნიშნო ყველა სამინისტროს სწრაფი და ეფექტური მოქმედებები. ჩვენ ამ ეტაპზე შევძელით და ავიცილეთ თავიდან H5N1–ის ვირუსის გარეული ფრინველიდან შინაურ ფრინველზე გადაცემა. უნდა გამკაცრდეს ისედაც გამკაცრებული კონტროლი სასაზღვრო-საბაჟო გადასასვლელებზე, რადგან პრაქტიკულად ყველგან დაფიქსირებული არის შინაურ ფრინველებზე H5N1-ის გავრცელება და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. 


მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა მიხელ სვიმონიშვილმა აჭარაში, სოფელ ადლიას სიახლოვეს ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი თქმით, 27 თებერვლის მონაცემებით 1 605 შინაური ფრინველია განადგურებული სოფელ ადლიადან 3 კილომეტრის რადიუსში.


ასევე გახსნილია 5 დეზობარიერი, რომლის საშუალებითაც ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ხდება.

Back to top button