ახალი ამბები

ოპოზიციამ შსს–ს მაღალჩინოსნების გადაყენება მოითხოვა

27 თებერვალს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების “ახალი მემარჯვენეებისა“ და “დემოკრატიული ფრონტის” გაერთიანებულ სხდომაზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანის მკველობის გახმაურებული საქმეზე “პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირადად ვანო მერაბიშვილს ეკისრება“.


“აქედან გამომდინარე მოვითხოვთ სასწრაფოდ გადაყენებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაია, შსს–ს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, შსს–ს უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოლეგ მელნიკოვი“, – ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში.


ამას გარდა, ოპოზიცია გირგვლიანის საქმის, რომელსაც შსს იძიებს, პროკურატურისათვის დაქვემდებარებას მოითხოვს. 


ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, სხდომას არ დასწრებია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გირგვლიანის საქმეზე, რომელსაც მისი მეუღლისა და შსს მაღალი რანგის თანამდებობის პირების გვარებს უკავშირებენ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აპირებს დეპუტატების შეკითხვებს გასცეს პასუხი.


ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე მერაბიშვილის მიუსვლელობა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ახსნა იმით, რომ შს მინისტრმა ოპოზიციასთან პირისპირ დარჩენას აარიდა თავი. “მათთვის უმჯობესია პარლამენტის სხდომაზე გამოვიდნენ, სადაც ის უმრავლესობა ეგულებათ, რომლის 90% მერაბიშვილის მიერ არის დაკომპლექტებული“, – დასძინა გამყრელიძემ.

Back to top button