ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს სამხრეთ ოსეთის ინციდენტის გამო აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს გააფრთხილა თბილისი თავი შეიკავოს “პროვოკაციული ქმედებებისგან“ რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ და დაგმო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში “დამატებითი ჯარების“ შეყვანის ფაქტი.


“2006 წლის 31 იანვარს ქართულმა მხარემ საგზაო შემთხვევის გამოძიების მოტივით დემონსტრაციულად გააძლიერა თავისი სამხედრო ძალები სოფელ ტყვიავში, ცხინვალის მახლობლად. საქართველოს სამხედრო პოლიციის და გორში განლაგებული ბრიგადის დაახლოებით 500 სამხედრო იქნა შეყვანილი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ რუსი სამშვიდობოების თავშეკავების გამო გახდა შესაძლებელი შეიარაღებული კონფრონტაციის თავიდან აცილება.


განცხადების თანახმად, “თბილისის პოლიტიკურ არენაზე ისინი ქმნიან ამინდს, ვისაც სისხლისღვრის პროვოცირება და მასში რუსი სამშვიდობოების დადანაშაულება სურთ“.

Back to top button