
სოხუმში აფხაზური პასპორტების გაცემა დაიწყო
19 იანვარს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში შიდა პასპორტების გაცემის პროცესი დაიწყო. თავდაპირველად პასპორტები მხოლოდ სოხუმის მაცხოვრებლებზე გაიცემა, იუწყება “აფსნიპრესი“.
სააგენტოს ცნობით, პასპოსტის მისაღებად სხვა დოკუმენტებთან ერთად საჭიროა თითის ანაბეჭდის აღებაც. პასპორტის ღირებულება 280 რუსულ რუბლს (10 აშშ დოლარს) შეადგენს.
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 2005 წლის 24 ოქტომბერს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ მიღებული კანონის თანახმად აფხაზეთის მოქალაქედ ითვლება ყველა ეთნიკური აფხაზი და ყველა ის პირი, რომელიც 1999 წლის 12 ოქტომბრის ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ არანაკლებ 5 წლისა მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში. ამასთან, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეს შეუძლია ერთდროულად იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მას უფლება აქვს გახდეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქე.
თბილისმა ეს აქტი შეფასა, როგორც “აშკარად დისკრიმინაციული ხასიათის გადაწყვეტილება რეგიონის არააფხაზი და განსაკუთრებით ქართველი მოსახლეობის მიმართ“.