skip to content
ახალი ამბები

ლავროვი რუს სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საღი აზრი გაიმარჯვებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუს სამშვიდობოთა გაყვანის საკითხის განხილვის დროს.


“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში განლაგებული სამშვიდობო ძალები წლების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობას უზრუნველყოფენ. ყველას უნდა ესმოდეს: როგორ შეიძლება უსაფრთხოების გარანტირება სამშვიდობოთა გარეშე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე 17 იანვარს.


საპარლამენტო მოსმენა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუს სამშვიდობოთა საქმიანობის შესახებ, სავარაუდოდ, 7 თებერვალს გაიმართება. მთავრობის წევრების ანგარიშის მოსმენის შემდეგ, პარლამენტი გადაწყვეტს მოითხოვოს სამშვიდობოთა გაყვანა, თუ არა.


“თუ საქართველოს პარლამენტი დაჟინებით მოითხოვს თავისი გადაწყვეტილების შესრულებას [სამშვიდობოთა გაყვანის თაობაზე] და მთავრობა ამას განახორციელებს, ჩვენ მოგვიხდება ამ საკითხის განხილვა ყველა არსებული ასპექტის მიხედვით “, – განაცხადა ლავროვმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოთქვამს იმედს, რომ ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებენ “ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების ინტერესებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button