skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა არშემდგარ შსკ-ს სხდომაზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ “რია ნოვოსტი“-სთვის 16 იანვარს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 18-20 იანვარს დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა აღარ გაიმართება.


ცხინვალმა უსაფრთხოების ნაკლებობის მოტივით უარი განაცხადა ქართული მხარის წინადადებაზე ოთხმხრივი შსკ–ს სხდომის თბილისში ჩატარების თაობაზე. სამხრეთ ოსეთის მხარეს სხდომის ვლადიკავკაზში ჩატარება სურს.


ხაინდრავამ სამხრეთ ოსეთის დელეგაციის შეშფოთებას “უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისა.


ხაინდრავას თქმით, ქართული მხარე არ იყო სხდომის ვლადიკავკაზში ჩატარების წინააღმდეგი, თუმცა ეს შეუძლებელი იყო ტექნიკური პრობლემების გამო. მისი თქმით, გზები ჩაკეტილია დიდთოვლობის გამო და შეუძლებელი იქნებოდა ვლადიკავკაზში მანქანით ჩასვლა. “თბილისიდან ვლადიკავკაზში პირდაპირი ფრენა არ არის. ამრიგად, იქ მოხვედრა მხოლოდ მოსკოვის გავლით შეგვეძლო. მოსკოვში ჩასასვლელად კი ვიზები გვჭირდება. ამიტომაც შევთავაზეთ შეხვედრის თბილისში გამართვა“, – განაცხადა ხაინდრავამ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button