skip to content
ახალი ამბები

მთავრობა ფრინველის გრიპის პრევენციაზე მსჯელობს

მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებმა საქართველოში ფრინველის გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე იმსჯელეს.


“სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტროების სამსახურები სრულად არიან მობილიზებულები, შესაბამისად, შტაბებია შექმნილი რეგიონებში, გამკაცრებულია საზღვრის გადაკვეთა თურქეთთან და ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ფრინველის გრიპის გავრცელება  საქართველოში თავიდან იქნეს აცილებული“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე 11 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროება არ არის. 


გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ 800 000 ლარი გამოყო ფრინველის გრიპის ქვეყანაში შემოსვლის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.  


ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი კი აცხადებს, რომ დამატებითი სახსრების გამოყოფა არ იგეგმება, რადგანაც ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, მისი თქმით, საავადმყოფოები მზად არიან ფრინველის გრიპით დაინფიცირების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეთ მოქალაქეებს.


საქართველოს საზღვრებზე შემოსულ ავტომანქანებს სპეციალური დეზინფექია უტარდება.


ქართული მედიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა ფრინველების ბაზარი ქობულეთში.    


ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სპეციალური ბროშურების გავრცელება, რომელიც ვირუსის და მისი თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.  


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა 10 იანვარს განაცხადეს, რომ ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას გეგმავდნენ.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზეთის ხელისუფლებამ თურქეთიდან და დანარჩენი საქართველოდან ფრინველის იმპორტი აკრძალა. სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ღონეს მიიღებს, რათა თავიდან აიცილოს ფრინველის იმპორტი საქართველოდან.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button