ახალი ამბები

ჩოგოვაძემ მსო-ში ფსოუსა და როკის გვირაბის საბაჟოების ლეგალიზაციის საკითხი დააყენა

15 დეკემბერს ჰონგ-კონგში მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) მე-6 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ რუსეთთან მიმართებაში თბილისის პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება.


მინისტრის თქმით, პირველი და უმნიშვნელოვანესი არის საქართველოსა და რუსეთს შორის ორი არალეგალური საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტის არსებობა თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
 
“საქონლის არალეგალური მიმოქცევა რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ ნაწილებს შორის არღვევს  ჩვენს ქვეყნებს შორის დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებას, უფრო მეტიც [საქართველოს] მთავრობა ამ ქმედებას სავაჭრო წესების დარღვევად და არალეგალურად მიიჩნევს, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. საქართველო მხარს უჭერს საკონტროლო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას“, – განაცხადა მინისტრმა მსო-ს კონფერენციაზე.


მეორე საკითხი, რასაც საქართველო რუსეთის წინაშე აყენებს, ორ ქვეყანას შორის ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და პორტ „კავკაზში“ აქციზური საქონლით ლეგალური ვაჭრობის უზრუნველყოფას ეხება. მესამე კი, არსებული ხელშეკრულებების შესრულება და რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ფალსიფიკაციის შემთხვევების აღკვეთაა.


მინისტრის განცხადებით, საქართველო აღნიშნული პრობლემების, კერძოდ კი არალეგალური საბაჟო-გამშვები პუნქტების საკითხის “გადაჭრის შემთხვევაში მიემხრობა რუსეთის ფედერაციის მსო-ში გაწევრიანებას“.


“საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი კონსტრუქციული დიალგისთვის და იმედოვნებს, რომ ზემოთმოყვანილ საკითხებს რუსეთის მხრიდან შესაბამისი ქმედებები მოჰყვება“, – განაცხადა მინისტრმა.


საქართველომ ჰონგ–კონგში მხარი დაუჭირა უკრაინისა და ყაზახეთის მსო-ში გაწევრიანებას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button