ახალი ამბები

სიმონსი: ნატო–ს შეუძლია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა ნაწილობრივ დააფინანსოს

კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა “ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში   განაცხადა, რომ ნატოს შეუძლია ნაწილობრივ დააფინანსოს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პროცესი.


2005 წლის 30 მაისს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოდან რუსული ბაზების 2005–2008 წლების განმავლობაში გაყვანას ითვალისწინებს.


“რადგანაც შეთანხმება რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანის თაობაზე უკვე არსებობს, ჩვენ შეგვიძლია დავფაროთ ამ გაყვანის ხარჯების ნაწილი. მაგრამ საუბარია იმ ხარჯების დაფინანსებაზე, რომელზეც უკვე მოილაპარაკეს რუსეთმა და საქართველომ“, – განაცხადა 14 დეკემბერს რობერტ სიმონსმა.


კითხვაზე შეიძლება თუ არა იგივე განმეორდეს საქართველოში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და სომხეთში, რაც ცოტა ხნის წინ პოლონეთთან დაკავშირებით მოხდა, როცა ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო აპირებს რაკეტების განთავსებას, რომელიც აღმოსავლეთზე იქნება მიმართული, რობერტ სიმონსმა უპასუხა: “ნატო ერთგული რჩება გაფართოების პირველი ეტაპის დროინდელი მოსაზრებისა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ახლადშემოერთებულ ქვეყნებში განვათავსოთ შეიარაღება, მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“. 


სიმონსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიაში, რომელმაც ნატოში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად გამოთქვა.


“ეს გარკვეულ დროს წაიღებს, მაგრამ ეს თავად ქვეყნის გადასაწყვეტია შეუერთდეს ნატოს თუ არა, უფრო მჭიდრო კონტაქტები დაამყაროს ალიანსთან თუ უფრო ცივი ურთიერთობები. ჩვენ ამას რუსეთთან კარგი ურთიერთობების საზიანოდ არ ვაკეთებთ“, – განუცხადა “ეხო მოსკვის“ რობერტ სიმონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button