skip to content
ახალი ამბები

პარლამენტთან პენსიონერების საპროტესტო აქცია გრძელდება







აქციის მონაწილეები პენსიის სტაჟისა და
დამსახურების მიხედვით დანიშვნას ითხოვენ. 
პარლამენტის შენობის წინ საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ მიერ 6 დეკემბერს ორგანიზებული პენსიონერების აქცია დღესაც განახლდა. ანალოგიური აქცია პირველად 2 დეკემბერს მოეწყო და საპენსიო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა. 

დღეს აქციის მონაწილეებთან გასაუბრება პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უშედეგოდ სცადა. პენსიონერებმა პარლამენტის თავმჯდომარეს აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს.


მოგვიანებით ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში, ნინო ბურჯანაძემ შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო გააკრიტიკა. ბურჯანაძის განცხადებით,  სამინისტროს თავიდანვე პარლამენტთან შეთანხმებით რომ ემუშავა, “აჟიოტაჟის საფუძველი ნაკლები იქნებოდა“.


“ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია 100-200 ლარი მივცეთ პენსიონერებს და არ ვაძლევთ? ეს ხელისუფლებისთვის არ იქნებოდა სერიოზული წინ გადადგუმილი ნაბიჯი? ოპოზიციას უფრო უნდა ამის გაკეთება, ვიდრე ხელისუფლებას? არ არის ამის რეალური შესაძლებლობა სამწუხაროდ… ოპოზიციამ სცადა, რომ ისარგებლოს ამით და თავად ჩაიწეროს ის ქულები, რომელიც მათ არ ეკუთვნით“, – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ. 


პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტებზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც კონსულტაციები იმართებოდა საპარლამენტო უმრავლესობასთან.


პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილენი, ასევე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნას ითხოვენ.


საპენსიო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები კი მომავალი წლიდან მინიმალური პენსიის ზრდას 28 ლარიდან 38 ლარამდე და მაქსიმალური პენსიის შემცირებას 5 ათასი ლარიდან 560 ლარამდე ითვალისწინებს. შრომის კანონთა კოდექსში ასევე დაგეგმილია ცვლილებები, რომელიც  ქალებისთვის საპენსიო ასაკის 60–დან 65 წლამდე ზრდას, ხოლო მამაკაცებისთვის 70–დან 65 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. 


თუმცა პარლამენტში ამ საკითხებზე შექმნილმა სპეციალურმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ საკითხზე უკვე მიაღწია კომპრომისს და გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა ქალების საპენსიო ასაკის 60 წელზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button