ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს

5 დეკემბერს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა.


“სამხრეთ ოსეთიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო თვეების მანძილზე კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა სულ უფრო იმატებს. ბოლო დღეებში სულ უფრო შეიმჩნევა  ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსურ საგუშაგოებზე ცეცხლის გახსნა, ტრანსკავკასიური მაგისტრალის გადაკეტვა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.


“ზემოთხსენებულ ქმედებებს თან სდევს მუქარა და ბრალდებები სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის და რუსი სამშვიდობოების მისამართით“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


“გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიისთვის [რუსთავი 2] მიცემულ ინტერვიუში [25 ნოემბერს] განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი [ედუარდ კოკოითი], სამხრეთ ოსეთის მთავრობის მეთაური [იური მოროზოვი], სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი [ანატოლი ბარანკევიჩი] და სხვა ოფიციალური პირები “ან დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულებისთვის, ან ცოცხლები არ იქნებიან“. “ყველაფერი ეს გავს მოწოდებას პოლიტიკური მკვლელობისკენ“, – იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


საინფორმაციო შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართული მხარის “დაძაბულობის ესკალაციისკენ” მიმართულ ქმედებებს ადგილი აქვს თბილისის “ინტენსიური მცდელობების ფონზე ევროპის დედაქალაქებში გააჟღეროს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გეგმის პროექტი“.


“დაძაბულობის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, ამჟამად განიხილება ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არსებული ვითარების განხილვის მიზნით“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


“ამგვარი ვითარება, სამწუხაროდ, კონფლიქტის მოგვარებაზე რეალური მუშაობის დაწყებას მომავლისთვის გადადებს“, – იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button