ახალი ამბები

პრეზიდენტი ასლან აბაშიძის შესახებ კომენტარს აკეთებს

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მიმართ ხელისუფლებამ “კანონის ფარგლებში“ მიცემული სიტყვა შეასრულა და მან აჭარის რევოლუციის შემდეგ 2004 წლის 6 მაისს უვნებლად დატოვა ქვეყანა.


თუმცა, სააკაშვილის განცხადებით, ცალკეულ დანაშაულებზე საქართველოს ხელისუფლება ხელშეუხებლობის გარანტიებს ვერ გასცემს.


“ჩვენ მივეცით მას [ასლან აბაშიძეს] გარანტია იმისა, რომ მან უვნებლად დატოვა საქართველო და ფიზიკურად გადარჩა. ამის შემდეგ ათასი სხვა უმსგავსობა ირკვევა და არანაირ გარანტიას ქართული სახელმწიფო ასეთი დანაშაულზე არავის არ მისცემს, არც წინა ჩინოვნიკებს და არც დღევანდელ ჩინოვნიკებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 5 დეკემბერს და აქვე დასძინა, “ყველამ ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი“.


პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც 5 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აჭარის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად, ქვეყანაში არ ყოფნის პირობებში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის გამო აბაშიძის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ხელისუფლება ხელშეუხებლობის შესახებ აბაშიძისთვის მიცემული გარანტიის დარღვევაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button