ახალი ამბები

სააკაშვილი: მე არ განვიხილავ საქართველოს დსთ-დან გამოსვლის შესაძლებლობას

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დსთ-დან საქართველოს გამოსვლის საკითხი არ განიხილება.


“მე არც განვიხილავ საქართველოს დსთ-დან გამოსვლის შესაძლებლობას. ასეთი ზრახვები არ მაქვს“, – განაცხადა 1 დეკემბერს უკრაინაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც კიევში “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის“ დამფუძნებელ ფორუმში იღებს მონაწილეობას.


პრეზიდენტის თქმით, დსთ-ს ფუნქციონირებაში გარკვეული პრობლემები არსებობს და მათი გამოსწორება აუცილებელია.


“დსთ-დან გამოსვლა საქართველოს პარლამენტში განიხილება, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებას ერთბაშად მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


ოპოზიციურმა ფრაქციამ “დემოკრატიულმა ფრონტმა“  საქართველოს დსთ–დან გამოსვლის პროცედურის დაწყების საკითხი დააყენა პარლამენტში, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხის საერთო კონსენსუსის გარეშე, ფორსმაჟორულ ვითარებაში განხილვას არ აპირებს.


კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველო “ანტი-რუსული კოალაციის” შექმნას გეგმავს. რუსულ გაზეთ “კომერსანტის” ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებდა იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის განცხადებაზე, რომ საქართველო ანტი-რუსული ბლოკის შექმნას გეგმავს, სააკაშვილმა განაცხადა: “არა მგონია, რომ მას [გიორგი არველაძეს] ასეთი სისულელე ეთქვა”.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button