ახალი ამბები

სოხუმში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამას განიხილავენ


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა 6 დეკემბერს სოხუმში გაემგზავრა, სადაც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების საორგანიზაციო კომიტეტის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.


სხდომაზე აფხაზურ მხარეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებს. სხდომაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი.


ევროკომისიის მიერ დაფინანსებული 2 მილიონი ევროს ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში განხორციელდება მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს დამკვირვებელთა მისიასთან პარტნიორობით.  


მიუხედავად იმისა, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გამოთქვა აფხაზური მხარის დაინტერესება ამ პროექტების განხორციელებაში, ოქტომბერში მან გააჟღერა სოხუმის პროტესტი “ქართული მხარის წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფებში ჩართვის შესახებ გაეროს განზრახვის თაობაზე, რაც საშუალებას მისცემდა ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ემუშავათ“.


სავარაუდოდ, საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნება ქართველი ექსპერტების ჩართვის საკითხი აფხაზეთში სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების საქმეში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button