ბენდუქიძე რუსეთის მანქანათმშენებლობის საწარმოში თავის აქციებს ყიდის
რუსეთის გაერთიანებული მანქანათმშენებლობის საწარმოს დამფუძნებელმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ რუსულ საწარმოში თავისი აქციები – 25,93% – გაყიდა, იტყობინება რუსული მედია 3 ნოემბერს. თუმცა, ინფორმაცია გარიგების მოცულობის ან ახალი მფლობელის ვინაობის თაობაზე არ ვრცელდება.
ბენდუქიძემ გააერთიანა რუსეთის უმსხვილესი საწარმოები, მათ შორის ატომური მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობისა და სამთომომპოვებელი საწარმოები და საბოლოო ჯამში ეს ჰოლდინგი საკმაოდ პერსპექტიულ და მზარდ ბიზნესად გადააქცია. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, გასულ წელს გემთმშენებლობის საწარმოს გაყიდვის შემდეგ გაერთიანებულმა მანქანათმშენებლობის საწარმომ დაკარგა მზარდი ბიზნესის სტატუსი.
რუსული გაზეთი “კომერსანტი“ ვარაუდობს, რომ აქციები ან ენერგოკომპანია “გაზპრომმა” ან რუსეთის საინვესტიციო კომპანიამ “ძირითადი ელემენტები“ შეისყიდა. თუმცა, ორივე კომპანიამ უკვე უარყო ეს ინფორმაცია.
კახა ბენდუქიძე გასული წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. მოგვიანებით, 2004 წლის დეკემბერში იგი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)