skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: კანონპროექტების ახალი პაკეტი ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი გეგმავს პარლამენტს კანონპროექტების ახალი პაკეტი წარუდგინოს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივები შეეხება ექსპორტ-იმპორტის პროცედურებს, საბანკო სისტემას და სასამართლო სისტემის რეფორმირებას.


სააკაშვილი აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო და სამრეწველო პალატების კონფედერაციის 70-ე სხდომაზე და ამიერკავკასიაში პირველ აზიურ ბიზნეს ფორუმზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც თბილისში 27 ოქტომბერს გაიხსნა.


“ჩვენი წინადადება გულისხმობს ექსპორტ-იმპორტის ნებისმიერი ტიპის პროცედურების გამარტივებას; მეორე ინიციატივა ეხება საბანკო სისტემის ლიბერალიზაციას. ამჟამად, საბანკო სისტემა საქართველოში ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე ბევრ მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ მე სრული ლიბერალიზაცია  მინდა. ამჟამად, არსებობს გარკვეული შეზღუდვები [საბანკო სისტემაში], უცხოური ბანკებისთვის, რომელთაც აქ საქმიანობის დაწყება სურთ, რაღაც სპეციალური ნებართვებია საჭირო… მინდა, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“მესამე ინიციატივა ითვალისწინებს სასამართლო პროცედურების გამარტივებას და ამ სისტემის გაუმჯობესებას ისე, რომ ადამიანმა აქ სამართალი იპოვოს“, – დასძინა მან.


თავის სიტყვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button