ახალი ამბები

ოქრუაშვილი დეპუტატებს თავდაცვის პოლიტიკასა და ფინანსებზე ესაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 27 ოქტომბერს პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის, ხარჯების და იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ბოლო დროს ოპონენტების მხრიდან თავდაცვის სამინისტროს კრიტიკის მიზეზი გახდა. პარლამენტში სამთავრობო საათზე ოქრუაშვილის გამოცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს.


ოქრუაშვილისთვის დასმული კითხვები, რომელთა ავტორებიც ძირითადად ფრაქციების “მემარჯვენე ოპოზიციისა“ და “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლები იყვნენ, ეხებოდა თავდაცვის სამინისტროში გამჭირვალობის საკითხს, ხარჯებს, დაფინანსებას, არმიის განვითარების სტრატეგიას, უკრაინაში ჯავშანტექნიკის შესყიდვის საკითხს, სამხედრო აკადემიის გარშემო არსებულ დაპირისპირებას, აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ათობით ოფიცრის გადაწყვეტილებას არმიის დატოვების თაობაზე და ასევე 20 სექტემბერს ცხინვალის დაბომბვას.


დაფინანსება/ხარჯები


ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტრო გაუმჭირვალე ხარჯვისა და შესყიდვების პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც უარყო ეს ბრალდებები, განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო მზად არის ყოველი ახალი შესყიდვის შემდეგ ხარჯების დეტალური სია წარადგინოს.


“იყო ბევრი ვარაუდები და განცხადებები იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სფეროს დაფინანსება არ იყო გამჭირვალე. მაგრამ, მინდა ავღნიშნო, რომ ამგვარი კრიტიკა არასოდეს გაჟღერებულა უცხოელი ექსპერტების მიერ, მე ვგულისხმობ ნატოს ექსპერტებს. იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ამ ვარაუდებს, მე დავპირდი პარლამენტარებს, რომ წარმოვადგენ შესყიდვების დეტალურ სიას, მაგრამ მხოლოდ შესყიდვების პროცესის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა მან.


მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო დაგეგმილ შესყიდვებზე წინასწარ საუბრისაგან თავს იკავებს, “რათა თავიდან აიცილოს შესაძლო დაბრკოლებები, რადგანაც ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც ერთ-ერთი ჩვენი ავისმოსურნე მეზობელი ძალიან უხეშად ჩაერია ჩვენი შესყიდვების პროცესში მისი ჩაშლის მიზნით“.


მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო 2006 წლის იანვრის ბოლოსთვის წარუდგენს პარლამენტს 2005 წელს განხორციელებული ხარჯების სრულ ნუსხას.


თავდაცვის მინისტრის თქმით, 2005 წელს შეიარაღებულ ძალების დაფინანსების სამი წყარო არსებობდა: სახელმწიფო ბიუჯეტი, არმიის განვითარების ფონდი და სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ფონდი.


ოქრუაშვილის თქმით, 2005 წელს თავდაცვის სამინისტრომ 600 000 ევრო მიიღო სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ფონდიდან. “ეს თანხა გამოყენებულ იქნა სამზარეულოების შესაძენად შინაგარი ჯარის იმ ერთეულებისთვის, რომლებიც [შინაგან საქმეთა სამინისტროდან] თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადმოვიდნენ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ოქრუაშვილის თქმით, არმიის განვითარების ფონდიდან 2005 წელს 20,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. “წლის ბოლომდე კიდევ 11,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამრიგად, წელს, წინასწარი პროგნოზით, სულ 32 მილიონი ლარი იქნება დახარჯული ამ ფონდიდან“, – დასძინა მან.


მისი თქმით, არმიის განვითარების ფონდი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების შემოწირულობებით არსებობს.


“არიან პიროვნებები, ჩვეულებრივი ქართველები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათი ბიზნესი საზღვარგარეთ არის. მათ სახელებს არ დავასახელებთ, სანამ არ იქნება ნებართვა მათი მხრიდან“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ოქრუაშვილის თქმით, ამ ადამიანებს შორის “შესაძლოა იყვნენ უცხოური ქვეყნების მოქალაქეები, თუმცა ისინი ეთნიკური ქართველები არიან. ამრიგად, ამ კუთხით ისინი უცხოელები არ არიან“.


მისი თქმით, არმიის განვითარების ფონდიდან იარაღი ან საბრძოლო მასალა  შესყიდული არ ყოფილა. “ჩვენ ეს ფონდი მხოლოდ ფორმების და ფეხსაცმლის შესაძენად და მშენებლობის ხარჯების დასაფარავად გამოვიყენეთ“, – დასძინა მან.


“მე სავსებით მესმის ის ეჭვები, რაც ფონდის გარშემო არსებობს, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა, რაც 2006 წლის 1 იანვრიდან დასრულდება. ფონდი თავის ფუნქციონირებას იანვარში შეწყვეტს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ნატოში ინტეგრაცია/საკონტრაქტო არმია


ოქრუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმა ნატოს 2009 წელს შეუერთდეს.


“ჩვენ, ვგულისხმობ მთავრობას, ნატოში სწრაფვის დიდი იმედი გვაქვს. ეს პროცესი შესაძლოა 2009 წელს დასრულდეს – მე ვგულისხმობ საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ნატოში. ეს მართლაც ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ პროგნოზის განხორციელებისთვის“, – აღნიშნა მან.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2009 წლის იანვრისთვის საქართველო გეგმავს ჰყავდეს საკონტრაქტო არმია, სადაც არ იქნება წვევამდელებისგან შემდგარი არცერთი სამხედრო შენაერთი.


პარლამენტმა სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები თებერვალში შეიტანა. ამ ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა 12-დან 18 თვემდე იზრდება. თუმცა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურის ვადა 2008 წლიდან კვლავ 12 თვემდე შემცირდება.


დეპუტატები “ახალი მემარჯვენეებიდან“ თავდაცვის სამინისტროს ამ “არათანმიმდევრული“ პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.


დაპირისპირება სამხედრო აკადემიის გარშემო


ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა თავდაცვის მინისტრი სამხედრო აკადემიის ხუთწლიანი მოსამზადებელი კურსის გაუქმების გამოც გააკრიტიკეს. ოქრუაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს არ ჰყავს საკმარისი კარგად გაწვრთნილი საშუალო რანგის ოფიცრები, განაცხადა, რომ სამხედრო აკადემიის რეფორმა “დასავლელ ექსპერტებთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.


“ჩვენ გადავწყიტეთ გაგვეუქმებინა ხუთწლიანი კურსი სამხედრო აკადემიაში… ახლა უმაღლესი განათლების მქონე პირს ექნება საშუალება ჩააბაროს სამხედრო აკადემიაში და გაიაროს ცხრათვიანი კურსი… დარწმუნებული ვარ, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.


“ალტერნატივის სახით ჩვენ შევთავაზეთ მეოთხე კურსის სტუდენტებს დაემთავრებინათ აკადემია, ხოლო მესამე და მეორე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ცხრათვიანი მომზადების კურსი იმ ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით, რომლებიც აშშ სამხედრო ინსტრუქტორებმა მოამზადეს. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ შესთავაზა მათ ქართულ არმიაში ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახური. ვფიქრობ, ეს ძალიან სამართლიანი წინადადება იყო. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ჩათვალეს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ეს სტუდენტები ქუჩაში გამოყარა, რაც არ არის მართალი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ცხინვალის ინციდენტი


ოპოზიციური “რესპუბლიკელების“ და “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები 20 სექტემბერს ცხინვალის დაბომბვის და კერძოდ ამ ინციდენტზე აშშ-ს რეაქციის საკითხზე ოქრუაშვილის პოზიციით დაინტერესდნენ.  აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო ცხინვალის დაბომბვის ფაქტი და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაედასტურებინა ერთგულება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზის მიმართ და “დაუყონებლივ პასუხისგებაში [მიეცა] მისცეს ის პირები, რომლებიც უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტის უკან დგანან“. ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებდათ, თუ რა წვლილი შეიტანა თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ბატალიონი ჰყავს, რომ ინციდენტის გამოძიებაში.


“მე მართლაც გაკვირვებული დავრჩი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებით. მე ჩვენს მეგობრებს [ამერიკელ მაღალჩინოსნებს] განვუცხადე: თუ საქართველოს შეუძლია მათი [დაბომბვაზე პასუხისმგებელი პირების] დასჯა, მაშინ პირდაპირ გვითხარით ვინ გააკეთა ეს და ჩვენ მათ დავსჯით.  ამის შემდეგ ამერიკაში ვიზიტისას [ოქტომბერში] ისევ მქონდა საუბარი ამ საკითხზე, თუმცა მათი მხრიდან მსგავსი სახის შენიშვნა და პრეტენზია აღარ გამოთქმულა“, – განუცხადა ოქრუაშვილმა პარლამენტარებს. 


მისი თქმით, ინციდენტის გამოძიება ჩატარდა ეუთოსთან თანამშრომლობით, რომელიც გამოძიების პროცესის მონიტორინგს ახორციელებდა.


“ეუთოს დამკვირვებელთა მოხსენებაში ნათლად აღინიშნა, რომ შეუძლებელია ეს დაბომბვა დაკავშირებული ყოფილიყო ქართულ სამშვიდობო ბატალიონთან, რადგანაც ქართულ ბატალიონს არ გააჩნია ის იარაღი, საიდანაც ცეცხლი იქნა გახსნილი [ცხინვალში 120 მმ ნაღმები აფეთქდა]“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, ნაღმები სავარაუდოდ სოფელ ნიქოზისა და ტბეთის მეზობელი ტერიტორიებიდან ისროლეს. “მანძილი ორ სოფელს შორის დაახლოებით ოთხი კილომეტრია. ამ ტერიტორიას არც ერთი მხარე არ აკონტროლებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


“უმოქმედო“ ჯავშანტექნიკის შესყიდვა


ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე ისაუბრა იმ დაპირისპირების თაობაზე, რომელიც უკრაინაში ჯავშანტექნიკის შესყიდვას უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 40-დან 38 მანქანა შესყიდვის მომენტშივე იყო მწყობრიდან გამოსული. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოთხი მაღალჩინოსანი, რომლებიც ამ შესყიდვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, სექტემბერში დააპატიმრეს. თუმცა, დაკავებულები, ისევე როგორც ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი, აცხადებენ, რომ მანქანების არაპროფესიონალურმა მართვამ მათი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. 


ოქრუაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელ ექსპერტებს არ დართო ნება შეემოწმებინათ ჯავშანმანქანები. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, სამხედრო ტექნიკას საქარხნო წუნები ჰქონდა. 


“ამ ხარვეზების აღმოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ უკრაინელი ექსპერტები მოვიწვიეთ. მათ დაადასტურეს, რომ ეს საქარხნო წუნები იყო. უკრაინაში უკვე მზად არის სათადარიგო ნაწილები მათ აღსადგენად. ის ფაქტი, რომ უკრაინის მხარე თავისი ხარჯებით აპირებს აღჭურვილობის შეკეთებას, ადასტურებს, რომ მანქანები უმოქმედო იყო შესყიდვის დროს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ორასმა ოფიცერმა არმია დატოვა


საპარლამენტო მოსმენის დროს თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ აშშ-ს მიერ  დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში გაწვრთნილმა 200–მა ოფიცერმა არმია დატოვა.


მისი თქმით, ისინი თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტის პირობების წინააღმდეგ წავიდნენ, რომლის მიხედვითაც ოფიცრებს კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში სამი თვის ხელფასს ექვივალენტი თანხის – 1 350 აშშ დოლარის – ჯარიმის სახით გადახდა მოუწევდათ.  


“ამაში [200 ოფიცრის გადაწყვეტილებაში] ტრაგედიას ვერ ვხედავ… ეს ხალხი არმიაში მხოლოდ მაღალი ხელფასების გამო იყო. ერაყში სამსახურის დროს თითოეულმა მათგანმა 7 ათასი აშშ დოლარი დააგროვა, ახლა კი ბიზნესმენობა მოუნდათ“, – დასძინა მან.

Back to top button