ახალი ამბები

ზურაბიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსებას გეგმავს

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც “იმუშავებს საზოგადოებასთან და საზოგადოებისთვის“.


“ეს მოძრაობა არ იმუშავებს პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ [ითანამშრომლებს] პოლიტიკური პარტიების იმ ცალკეულ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩვენს მთავარ მიზნებს გაიზიარებენ. ეს მიზნებია: ქვეყნის მომავლის მომზადება, ნებისმიერი მომდევნო არჩევნების მომზადება, მათ შორის ადგილობრივის [2006],  საპარლამენტო [2008] და საპრეზიდენტო [2009] არჩევნების“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო და არა მის წინააღმდეგ მიმართული. ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტმა “პოლიტიკური შეცდომა“ დაუშვა, როცა 19 ოქტომბერს იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.


“სამწუხაროდ, პარლამენტის დათხოვნის ნაცვლად, რაც გაზრდიდა მის [სააკაშვილის] რეიტინგს მოსახლეობაში, მიხეილ სააკაშვილი კომპრომისზე წავიდა“, – განაცხადა მან.


ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოს რეგიონების მონახულებას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button