ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები“ ზურაბიშვილის მოხსნას საგარეო ორიენტაციის შეცვლად აფასებენ

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან მოხსნას “მოსკოვში დაგეგმილ“ გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ “პრეზიდნეტმა სააკაშვილმა ზურაბიშვილი მსხვერპლად შესწირა კრემლს“.


მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების ერთადერთი პოზიტივი იყო მისი საგარეო პოლიტიკა, კონკრეტულად კი მისი მკაფიოდ დასავლური ორიენტაცია და პრინციპული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში.


“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები [საგარეო საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით] დაიგეგმა და იმართებოდა მოსკოვთან შეთანხმებით. დღეს საქართველოში  მოხდა საგარეო კურსის ცვლილება დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ. კურისის ამ ცვლილებას ხელს უშლიდა სალომე ზურაბიშვილის ფიგურა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გარემოცვასთან ერთად მსხვერპლად შესწირა იგი კრემლს“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, “ახალი მემარჯვენეები” სოლიდარობას უცხადებენ სალომე ზურაბიშვილს  ქვეყანაში დემოკრატიისთვის ბრძოლაში. “საქართველოში დიქტატურა არ უნდა დამყარდეს, საქართველო რუსულ ორბიტაზე აღარ უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.


“ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებისგან არსებული “პოლიტიკური კრიზისიდან“, როგორც ამას დავით გამყრელიძე აცხადებს, მშვიდობიანად გამოყვანისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button