ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი მოსკოვის მოლაპარაკებებზე საუბრობს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვში 28 სექტემბერს თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან გამართული ხუთსაათიანი მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საკითხების ფართო სპექტრი  განიხილეს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხები.


“ჩვენ განვიხილეთ რუსეთის როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში. თუმცა, ეს ერთადერთი საკითხი არ იყო, რომელზეც ვიმსჯელეთ. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთისა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების საკითხი და ის შეუთანხმებლობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე – ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ორმხრივ ურთიერთობებში საზღვრების კანონიერ განსაზღვრას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 29 სექტემბერს.  


მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით გაირკვეს რუსეთის ინტერესები ამ რეგიონში.


“ჩვენ ვაცნობეთ რუსულ მხარეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა სულ ახლახანს მიიღო და რომელიც ჩვენს პრიორიტეტებს განსაზღვრავს. სამწუხაროდ, რუსეთში ამგვარი დოკუმენტი არ არსებობს და ეს ბევრ სირთულეებს ქმნის“,– განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“მოლაპარაკებები ძალიან სერიოზული და რთული იყო. ჩვენ რუს კოლეგებს არ აქვთ პასუხი ბევრ კითხვაზე… ჩვენ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს [რუს] სამშვიდობოებთან და არსებულ სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. შერეული საკონტროლო კომისია აბსოლუტურად უუნარო აღმოჩნდა შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – დასძინა მან.


ბეჟუაშვილის თქმით, ზოგ საკითხში მოსკოვს საქართველოსი ესმის. “რუსეთი აღიარებს, რომ ცხინვალში [20 სექტემბერს] სამხედრო აღლუმის ჩატარებით ყველა შეთანხმება დაირღვა“, – განაცხადა მან.


ბეჟუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო პროცესში ჩართვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.


“ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმუშავოთ აშშ-სთან და რუსეთთან, რათა პროცესი წინ წავწიოთ“, – განაცხადა მან.


“ამ პროცესის ყველა მონაწილემ უნდა იცოდეს ჩვენი მიზანი. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სხვა ვარიანტი არ არსებობს“, – დასძინა ბეჟუაშვილმა.


გელა ბეჟუაშვილი მოსკოვში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას ახლდა. ბეჟუაშვილი თბილისში 29 სექტემბერს დაბრუნდა, ხაინდრავა კი მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button