ახალი ამბები

ცხინვალი მოლაპარაკებებზე დროებით უარს ამბობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა, რომელიც 28 სექტემბრისათვის ვლადიკავკაზში იგეგმება, არ შედგება თუ თბილისი ბოდიშს არ მოიხდის 20 სექტემბერს ცხინვალში ჭურვების აფეთქების გამო.


“იმის მაგივრად, რომ დაცხრილვის ფაქტი ცნონ და ბოდიში მოიხადონ, ისინი [საქართველოს ხელისუფლება] პარლამენტის სხდომაზე გეგმავენ განიხილონ სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი“, – იუწყება 26 სექტემბერს “რია ნოვოსტი“ ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.  

“ასეთ სიტუაციაში შსკ–ს სხდომის გამართვას აზრი არ აქვს“, –დასძენს ჩოჩიევი. 


ამასთან სამხრეთ ოსური მხრიდან შსკ–ს თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ “ჩვენ [ოსები] არ გამოვდივართ შსკ–დან, როგორც ამაზე ქართველები ოცნებობენ, ეს არ არის მოლაპარაკებებზე უარის თქმა“.


მისი თქმით, 23 სექტემბერს ცხინვალში შსკ–ს რუსული მხარის თანათავმჯდომარის ვალერი კენიაიკინის საგანგებო ვიზიტის შემდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “საჭიროა მცირე პაუზის გაკეთება, იმის გაანალიზება, თუ რა სურს ქართულ მხარეს და ამის შემდეგ მოლაპარაკებების თაობაზე შემდგომი წინადადებების მიმართ ტაქტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button