skip to content
ახალი ამბები

კოკოითი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც 23 სექტემბერს ცხინვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს ვალერი კენიაიკინს შეხვდა, ქართული მხარისგან “უსაფრთხოების სოლიდური გარანტიები“ მოითხოვა, იტყობინება “რეგნუმი“.


კოკოითმა დაგმო 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის ფაქტი და განაცხადა, რომ საქართველომ “უნდა გააცნობიეროს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა“. მისი თქმით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი “აღიარებს შერეული საკონტროლო კომისიის უნიკალურ ფორმატს კონფლიქტის მოგვარების საქმეში“.


ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია ქართულ, რუსულ, სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. საქართველო შსკ-ს ფორმატის გადახედვის ინიციატივით გამოდის იმ მოტივით, რომ კომისიაში რუსეთის წარმომადგენლობა გადაჭარბებულია.


სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით კი კოკოითმა განაცხადა, რომ “სამშვიდობოებზე [პოლიტიკური] თავდასხმები [ქართული მხარის მიერ] და ნატოს წევრი ქვეყნების შეირაღების გამოყენება დაცხრილვის დროს ადასტურებს ქართული მხარის მცდელობას გამოაძევოს რუსეთი [სამშვიდობო პროცესიდან] და იმ ფაქტს, რომ [საქართველოს]  არ სურს მოლაპარაკებების გაგრძელება.”


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ორი წინაპირობა დააყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შესახვედრად: “სამშვიდობოების უსაფუძვლო დადანაშაულების შეწყვეტა“ და “უსაფრთხოების სოლიდური გარანტიები და საომარი ქმედებების განუახლებლობა“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button