
გავრცელებული ინფორმაციით, “თბილავიამშენი“ ბულგარეთის Су–25–ების მოდერნიზებას განახორციელებს
3 სექტემბერს სააგენტოები “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“ იტყობინებიან, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში დაიწყება ბულგარეთის კუთვნილი რუსული წარმოების 20–მდე Су–25 თვითმფრინავის მოდერნიზება, რომელსაც თბილისში ბულგარეთში განლაგებული ნატო–ს ავიაბაზიდან ჩამოიყვანენ.
“ქართული კომპანია “თბილავიამშენმა“ ზაფხულში ბულგარულ ფირმა “ემსო“–სთან გააფორმა შეთანხმება ნატოს ავიაბაზა “ბეზმერიდან“ (ქალაქი იამბოლი, ბულგარეთი) ავიაქარხნისათვის Су–25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე“, იუწყება “ინტერფაქსი“ უცნობ სამხედრო–დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით თბილისიდან.
უცნობი წყაროს ინფორმაციით, ამჟამად ნატოს საჰაერო ბაზაზე “ბეზმერში“ მიმდინარეობს მოიერიშე თვითმფრინავების დაშლა, რის შემდეგაც დაშლილ მდგომარეობაში მოხდება მათი საზღვაო და საჰაერო გზით საქართველოში შეტანა.
ამის შემდეგ “ქართული მხარე ისრაელის კომპანია “ელბიტ“–თან ერთად თვითმფრინავებს ნატოს სტანდარტების შესაბამისად გადააწყობს“, იტყობინება “რია ნოვოსტი“ ასევე უცნობ წყაროზე დაყრდნობით. ამასთან თვითმფრინავებზე შეიცვლება რადიოელექტრონული მოწყობილებები.
აღნიშნული ინფორმაცია უარყო “თბილავიამშენის“ დირექტორმა პანტიკო თორდიამ, რომლის კუთვნილ ქარხანაშიც, გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება მოიერიშე Су–25–ების მოდერნიზება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)