
სააკაშვილი: პროგრესის მიუხედავად რუსეთთან პრობლემები კვლავ რჩება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ “სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხში“, თუმცა რამდენიმე მოუგვარებელი პრობლემა კვლავ რჩება. სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა ეს საკითხები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შაბათს დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილოს, იტყობინება “რია ნოვოსტი“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყაზანში 26 აგვისტოს გამართული დსთ-ს ლიდერთა სამიტის მეორე დღეს პრეს-კონფერენცია გამართა. მან დსთ-ს “შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის სასარგებლო ფორმატი“ უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს თავის რუს კოლეგასთან 27 აგვისტოს. “ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროა“, აღნიშნა მან.
“ბოლო თვეები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში აღინიშნა ცივილიზებული გარღვევით – საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების არსებობის საკითხის მოგვარებაში“, განაცხადა სააკაშვილმა.
“მე კმაყოფილი ვარ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობით ბაზების გაყვანის საკითზე. ეს იყო პოლიტიკოსის გამბედავი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და საკითხების მოგვარება … თუმცა, ჯერ კიდევ რჩება სხვა საკითხებიც. მე ყოველთვის მოხარული ვარ დიალოგი გავმართო ვლადიმერ პუტინთან“, განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მოუგვარებელ პრობლემებს შორის არის ისეთი საკითხიც, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრები. “რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა უზარმაზარი ტერიტორიით, ჩვენ კი პატარა სახელმწიფო ვართ და არ გვინდა, რომ კიდევ უფრო პატარა გავხდეთ“, დასძინა სააკაშვილმა.