ახალი ამბები

მოსკოვი და ცხინვალი ქართული მხარის ბრალდებებს უარყოფენ

23 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უპასუხისმგებლო განცხადება, რომელშიც სამხრეთ ოსეთის მხარეს და რუს სამშვიდობოებს 11 წლის გენო პეტრიაშვილის გატაცებასთან კავშირში ედებათ ბრალი „შეშფოთებას და სინანულს იწვევს“.


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩქარობს, საქმის ზედმიწევნით შესწავლის გარეშე, „ტრადიციული“ იარლიყი მიაწებოს სამხრეთ ოსურ მხარეს, და რაც ყველაზე სამწუხაროა, რუს სამშვიდობოებსაც“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


„ამგვარი განცხადებები უნდობლობას აღვივებს ქართველებსა და ოსებს შორის, ამწვავებს დაძაბულობას კონფლიქტის ზონაში და უარყოფითი შედეგები მოაქვს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის“, დასძინა კამინინმა.


მსგავსი განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება „შეშფოთებას და უკმაყოფილებას იწვევს მისი მიკერძოების გამო, რადგანაც ძებნის ოპერაციები ჯერ არ დასრულება და ამიტომ სამხრეთ ოსეთის მხარის დადანაშაულება უსაფუძვლოა“.


სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ და მათ მანქანას ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა.


„11 წლის ბიჭის გატაცება პრონის ხეობის სოფელ ნულიდან და სამშვიდობოთა ნაჩქარევი დადანაშაულება იმ კარგად დაგეგმილი აქციის ნაწილია, რომელიც სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, ნათქვამია განცხადებაში.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აუცილებლად მიიჩნევს ძებნის ოპერაციების გაგრძელებას და შერეული საკონტროლი კომისიის ფარგლებში მიღწეული იმ შეთანხმებების შესრულებას, რომლებიც კონფლიქტის ზონაში კრიმინალთან ბრძოლის მიზნით სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.     

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button