
ბაღაფში მოსკოვთან და თბილისთან ურთიერთობებზე საუბრობს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც სამდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, 17 აგვისტოს „ინტერფაქსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „უნიკალური შანსი აქვს აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა“.
„მაშინ აფხაზეთში ის იქნება ყველაზე სასურველი სტუმარი“, განუცხადა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში ჟურნალისტებს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდნეტთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ „ასეთი შეხვედრისთვის მზად არის, თუ იქნება მომზადებული შესაბამისი საფუძველი“.
დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა, აფხაზური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან მშვიდობიანი დიალოგისთვის.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთი განაგრძობს სვლას „რუსეთის ასოცირებული წევრობის მოსაპოვებლად, ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობს“. ბაღაფშის ინფორმაციით, წლის ბოლოს აფხაზეთის ყველა მოქალაქე მიიღებს რუსულ პასპორტებს.
„დღეისათვის აფხაზეთის მოქალაქეების 80-82%-ს უკვე აქვს რუსული პასპორტები. ამ მომენტისთვის შემოსულია 7-8 ათასი განაცხადი და ვფიქრობ წლის ბოლოს რუსული პასპორტები აფხაზეთის მოსახლეობის 100%-ს ექნება“, იტყობინება „ინტერფაქსი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდნეტის სიტყვებზე დაყრდნობით.
მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აფხაზური მხარე აპირებს ფსოუდან ენგურამდე სარკინიგზო მონაკევთის აღდგენას, მიუხედავად იმისა „მიიღებს თუ არა [ამ პროცესში] მონაწილეობას ქართული მხარე“.
This post is also available in: English (ინგლისური)