skip to content
ახალი ამბები

ოთხი ოპოზიციური პარტია პრაიმერის ჩაატარებს

5 აგვისტოს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, ლეიბორისტები და პარტია თავისუფლება – ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ეს პარტიები თანხმდებიან ჩაატარონ წინასწარი არჩევნები, ანუ ე.წ. პრაიმერი.


პრაიმერის მიზანია ამ ოთხ პარტიას შორის შიდა არჩევნების ჩატარება, რომელიც გამოავლენს იმ ხუთ საერთო კანდიდატს, რომლებიც შემდეგ უკვე მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 1 ოქტომბერს ხუთ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.


„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან საქართველოში პირველად ჩატარდება პრაიმერები. ეს უნდა გახდეს მაგალითი ხელისუფლებისთვის თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ პოლიტიკურმა პარტიებმა,“ – განაცხადა მემორანდუმი ხელმოწერის ცერემონიალზე კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა. პრაიმერის ჩატარების იდეა სწორედ კონსერვატორებს ეკუთვნის.


„თავდაპირველად ეს ინიციატივა ძალზედ ბუნდოვანი იყო და ეჭვიც კი გვეპარებოდა რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ძალზედ მოხარული ვარ რომ ეს შესაძლებელი აღმოჩნდა. ეს არ ნიშნავს ამ პარტიების გაერთიანებას, ეს არის თანამშრომლობის ფორმა,“ – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ.


მისი თქმით 8 აგვისტოს, ეს ოთხი პარტია დაასახელებს კანდიდატურებს, რომლებიც პრაიმერიში მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით შეიქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც ამ წინასწარ არჩევნებს გაუკეთებს ორგანიზებას.


„ეს საარჩევნო კომისია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მაგალით გახდება,“ – დასძინა გამყრელიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button