skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი გორის ტერაქტში ეჭვმიტანილთა დაკავებას გმობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაგმო კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაცია, რის შედეგადაც დააკავეს 1 თებერვლის გორის ტერაქტში ეჭვმიტანილი ოსი მოქალაქეები და ეს ქმედება შეაფასა, როგორც შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში (შსკ) მიღწეული შეთანხმებების დარღვევა.


სამხრეთ ოსური მხრიდან შსკ–ს მდივანი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებების თანახმად, ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში პოლიციური ოპერაცია ოსურთან უნდა შეათანხმოს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 26 ივლისს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გორის ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება კონფლიქტის ზონის ოსების მიერ კონტროლირებად ნაწილში 17 ივლისს დააპატიმრეს.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლეგ ალბაროვმა ეჭვქვეშ დააყენა ქართული მხარის ბრალდებები. მისი თქმით, დაკავებულები სამოქალაქო პირები არიან, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ გორში აფეთქებასთან, იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


“ითქვა [ქართველი სამართალდამცავების მხრიდან], რომ დაპატიმრებულები სიგარეტის კონტრაბანდაში არიან ჩართულები; შემდეგ ისინი ნარკოტიკების უკანონო გადატანაში და მოგვიანებით იარაღით ვაჭრობაში დაადანაშაულეს… [ეჭვმიტანილები] არ არიან სპეცსამსახურების აგენტები [როგორც საქართველოს შს მინისტრი აცხადებს]. ქართული მხარე თითქოს ომის დაწყების საბაბს ეძებს“, აცხადებს ოლეგ ალბაროვი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button