skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი გორის ტერაქტთან კავშირს უარყოფს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 25 ივლისს “რუსთავი 2“–თან სატელეფონო ინტერვიუში უარყო ცხინვალის კავშირი 1 თებერვალს გორში მომხდარ აფეთქებასთან.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ცხინვალის რეგიონში სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. მერაბიშვილს თავის განცხადებაში არ უთქვამს, რომ გორის აფეთქების უკან თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დგას. სამაგიეროდ, მან გორში მანქანის აფეთქება რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურს დაუკავშირა. თუმცა ეჭვმიტანილთა გვარები, რომელიც მერაბიშვილმა გამოაცხადა, მათ ოსურ წარმოშობაზე მიუთითებენ.


ბორის ჩოჩიევმა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება შეაფასა, როგორც “სიცრუე“.


მერაბიშვილის ბრალდებებს ოფიციალური მოსკოვის რეაქცია არ მოჰყოლია. თუმცა რუსული სააგენტო “იტარ–ტასი“ უცნობ წყაროზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის გენშტაბის დაზვერვის მიერ საბოტაჟების ორგანიზების შესახებ, სიმართლეს არ შეეფერება“.


“ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა, რომელიც მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არამეგობრულ დამოკიდებულებას ასახავს. მერაბიშვილის მიერ დასახელებულ პირებს არასოდეს უმსახურიათ რუსულ არმიაში“, დასძენს რუსეთის თავდაცვის უწყების უცნობი წარმომადგენელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button