ახალი ამბები

თბილისს ახალი მერი ჰყავს







გიგი უგულავა, ყოფილი სამოქალაქო საზოგადოების
აქტივისტი, უშიშროების მინისტრის მოადგილე და
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, თბილისის
მერი ხდება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი ადმინისტრაციის უფროსი გიგი უგულავა 12 ივლისს თბილისის მერად დანიშნა. უგულავამ ამ თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვალა.


12 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც თბილისის მერად გასული წლის აპრილში დაინიშნა, იგი ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩად წარადგენს, ლანა ღოღობერიძის ნაცვლად.  მან ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატი გიორგი არველაძე, “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახდება. სააკაშვილმა მისი ამ გადაწყვეტილებების მიზეზებზე არ ისაუბრა. 


ახალი მერის დანიშვნას წინ უძღოდა პარლამენტის მიერ თბილისის მერის არჩევის ახალი წესის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ნაცვლად, დედაქალაქის საკრებულო ირჩევს თბილისის მერს. ეს წესი  2006 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების დროს ამოქმედდება. 


კითხვაზე, ადგილობრივი არჩევნების დროს გახდება თუ არა გიგი უგულავა თბილისის მერის პოსტზე მმართველი პარტიის კანდიდატი, სააკაშვილმა უპასუხა “არჩევნებამდე ერთ წელიწადზე მეტია დარჩენილი და ვნახოთ, როგორ შეასრულებს უგულავა თავის მოვალეობებს მანამდე“.


“დარწმუნებული ვარ, რომ გიგი უგულავა ძალიან კარგი კანდიდატია. მე მას იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩვენ ორივე არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდით [2003 წლის “ვარდების რევოლუციამდე“] და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ისეთივე წარმატებით განაგრძობს იმ რეფორმებს, რომლებიც ამჟამად თბილისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება“, განუცხადა თბილისის უკვე ყოფილმა მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.


მერის ახალ კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც მიესალმა. “მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი გიგი უგულავას მიმართ. მას აქვს უნარიც და შესაძლებლობაც იტვირთოს ეს ძალიან საპატიო პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, იგი ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს დანიშვნის პირველი დღიდანვე. თბილისს ეს ძალიან სჭირდება, რადგანაც დედაქალაქს განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არის იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს უფრო მოკლე დროში“, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედს“.


მისი თქმით, პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია, რაც  მუნიციპალიტეტში შესაძლო ცვლილებებს განიხილავს. ამ განცხადებით მან დაადასტურა ის ვარაუდები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედია საშუალებებით დროდადრო ვრცელდებოდა.


ბოლო ასეთი ვერსია 12 ივლისს გავრცელდა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა. თუმცა, როგორც ჭიაბერაშვილმა, ისე უგულავამ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. “ამ ხმებს კარგად დაგეგმილი კამპანიის სახე აქვს“, განუცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ ახალი დანიშვნების გამოცხადებამდე. 


გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც არასოდეს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მმართველი პარტიის გავლენიან პარლამენტართა ჯგუფი უპირისპირდებოდა. მათ შორის იყვნენ გიორგი არველაძე და დავით კირკიტაძე. მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავაც არასოდეს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, იგი ბოლო დროს უფრო მეტად დაუახლოვდა პარტიას და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს.


12 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “მერს პარტიის ძლიერი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს“. მან ამით მიანიშნა, რომ უგულავას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა დასჭირდება 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თანამდებობის შესანარჩუნებლად.


გიგი უგულავა, ერთ დროს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უშიშროების მინისტრის მოადგილე გახდა. მისი როლი უშიშროების სამინისტროში განსაკუთრებით შესამჩნევი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის დაპირპისპირების დროს გახდა. 2004 წლის სექტემბერში იგი პრეზიდენტმა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა. შვიდი თვის შემდეგ კი, 2005 წლის აპრილში, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.


“ხომ ლამაზია ჩემი ქალაქი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა – ეს იქნება ჩემი ლოზუნგი მერის თანამდებობაზე“, განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს  დანიშვნიდან რამდენიმე წუთში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button