ახალი ამბები

ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ “ინტრიგებზე“ საუბრობს

გაზეთ “რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი მის წინააღმდეგ “პოლიტიკური ინტრიგების“ ხლართვაში დაადანაშაულა. თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართულ არმიაში არსებულ პრობლემებზე და მის ხედვაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან ირაკლი ალასანიასთან ცოტა ხნის წინ მომხდარი სიტყვების ომზე საუბრისას, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ შეუთანხმებლობა იმ ინტრიგებმა გამოიწვია, რასაც მის წინააღმდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ხლართავენ.


ალასანიასა და ოქრუაშვილს შორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებამ გამოიწვია გაეუქმებინა სამხედრო ერთეული “მონადირე“, რომელიც კოდორში იყო განთავსებული. ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრი ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.


“მინდა გითხრათ, რომ აქ სულ სხვა პრობლემებია. პრობლემები, გამომდინარე ამ ინტრიგებიდან, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდა ან არსებობს ხელსიუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან… აქედან ჩემს მიერ გაგდებული ზოგიერთი ადამიანი, ბოლოს თავშესაფარს პოულობს ხოლმე ეროვნული უშიშროების საბჭოში. ეს პროცესები, ჩემი ინფორმაციით, იმართება უშიშროების საბჭოდან. ეს შეეხებათ ვახტანგ კაპანაძეს და პაატა გაფრინდაშვილს. ალასანია რატომღაც აღმოჩნდა მათ გუნდში. სწორედ მათ უთხრეს ალასანიას რაც უნდა ეთქვა“, განაცხადა ოქრუაშვილმა.


ოქრუაშვილის თქმით, “მონადირე“, რომელიც კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული აღარასოდეს აღდგება. “როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვთვლი, რომ კოდორის ხეობაში ჩასატარებელია ანტიკრიმინალური ოპერაცია და კოდორის ხეობა გასაწმენდია იმ ბანტიდებისგან, რომლებიც თავს აფარებენ იქ“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ინტერვიუში ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კორუფცია არმიაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. “რამდენად მაღალი ხელფასიც უნდა მისცე, რამდენადაც კარგად უნდა უზრუნველყო ის ჩინოვნიკი, რომელსაც ევალება ჯარის მატერიალური პრობლემის მოგვარება, მას ცნობიერებაში გამჯდარი აქვს, რომ რაღაცა უნდა მოიპაროს. ამიტომაც ჩვენ ხშირად გვიწევს საკადრო ცვლილებების განხორციელება – ხელმძღვანელ თანამდებობაზე“.


პრობლემებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოში სიტუაციას მართავს არა სისტემა, არამედ ინდივიდები“.


ოქრუაშვილმა თავისი ოპონენტები იმ ეჭვების გამო გააკრიტიკა, რაც სამხედრო მძიმე ტექნიკის გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით გამოითქვა. “ოპონენტების ლოგიკა არ მესმის. ქვეყნის ტერიტორიაზე გვყავს ორი უკონტროლო არმია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ქვეყნის ტერიტორიაზე გვყავს 200-მდე სხვა ქვეყნის [რუსეთის] საკუთრებაში არსებული ტანკი და მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა“, განაცხადა მან.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე საუბრისას ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ამ თვითგამოცხადებულ რეგიონს საქართველოსთან მიერთების გარეშე განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. “სამხედრო თვალსაზრისით, ისინი ვერასოდეს გაწევენ წინააღმდეგობას საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, დასძინა მან.


მისი თქმით, საქართველო კერ კიდევ მნიშვნელოვნად ზარალდება სამხრეთ ოსეთიდან შემოსული კონტრაბანდით. “ნურავის ექნება ილუზია, რომ იქ კონტრაბანდა შეწყდა“, დასძინა ოქრუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button