ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 32 ათასი აბიტურიენტი იღებს. გამოცდები 21 ივლისს დასრულდება, ხოლო საბოლოო შედეგები 20 აგვისტოსთვის გახდება ცნობილი.


გამოცდების მსვლელობას დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია დაესწრნენ.


ერთიანი ეროვნული გამოცდები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას 28 მარტის ბრაძანებულების მიხედვით დაინიშნა.


შესაბამისი დებულების მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრამდე მიტანას ეროვნული გამოცდების ცენტრი სრული კონფიდენციალურობის დაცვით უზრუნველყოფს.


დალუქული საგამოცდო ტესტები დღეს აბიტურიენტთა თანდასწრებით გაიხსნა. თითეული საგამოცდო ტესტი 100 ქულიანი სისტემით ფასდება. უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად ერთიან გამოცდებზე აუცილებელია სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთ-ერთ უცხო ენაში და ზოგად უნარებში.


ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას მეთვალყურეები აკვირდებიან.   


ყველა საგამოცდო ცენტრთან განთავსებულია ტელევიზორები, რომლის საშუალებითაც აბიტურინეტთა ახლობლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ გამოცდების მსვლელობას.


ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ბიბლიოთეკაში მოხდება აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება. თითოეული ნაშრომი დამოუკიდებლად სწორდება მინიმუმ ორჯერ, შეფასების ერთიანი სქემის მიხედვით. შექმნილია ასევე  ერთიანი გამოცდების მედია-ცენტრი, რომელიც ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას გამოცდების მიმდინარეობის შესახებ.


დებულების მიხედვით შეღავათები არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღება. ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე მხოლოდ გასაუბრების შედეგად ჩაირიცხებიან. 


ერთიან ეროვნულ გამოცდებს ასევე აბარებენ სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის ის სტუდენები, რომლებიც აპროტესტებდნენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მათთვის არსებული პრივილეგიების გაუქმების თაობაზე. ამ პრივილეგიების თანახმად, მათ შეეძლოთ კოლეჯში  სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ უგამოცდოდ ჩარიცხულიყვნენ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებას სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button