ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას ბათუმში გააჟღერებს

ბათუმში 10 ივლისს საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა  სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ თბილისის წინადადებას “ოცნებათა სია“ უწოდა, რომელიც ცხინვალს ყველაფერს სთავაზობს გარდა დამოუკიდებლობისა. “ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს დეზინტეგრაციას“, განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს მთავრობის მიერ ბათუმში ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები იღებენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა და მას საქართველოს მთავრობის მიერ დადგმული “PR აქცია“ უწოდა.


“მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემისა, მე უფრო მოხარული ვიქნებოდი რომ აქ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წარმომადგენლებს დავლაპარაკებოდი და არა უცხოეთის წარმომადგენლებს და ელჩებს. თქვენთან შეხვედრა ჩემი პრიორიტეტი არ ყოფილა”, განაცხადა სააკაშვილმა უცხოელი ექსპერტებისადმი მიმართვაში.


თავის სიტყვაში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა თბილისის იმ სამშვიდობო ინიციატივების მონახაზი, რომელიც მან იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დროს გააჟღერა. მან ასევე ისაუბრა იმ რამოდენიმე ახალ ინიციატივაზე, რომელიც, მისი თქმით, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.


სააკაშვილის თქმით, თბილისი მზად არის სამხრეთ ოსეთს მიანიჭოს “აბსოლუტური თვითმართველობა“, კულტურული ავტონომია, რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის “პრივილეგირებული რეჟიმი“, ასევე პრივილეგირებული ეკონომიკური და საგადასახადო სისტემა და ქონების რესტიტუცია.


მისი თქმით, ქართული მხარე მზად არის საქართველოს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის ადგილები გამოყოს. სააკაშვილის თქმით, ეს ინიციატივა “სტატისტიკურად არაადექვატურია“, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეთნიკური ოსები საქართველოს მთელი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენენ. “თუმცა, ეს ადექვატური წინადადებაა რეალურობის თვალსაზრისით“, დასძინა სააკაშვილმა. 


მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას გადაუხადოს იმავე რაოდენობის პენსიები, რასაც ამჟამად რუსეთი იხდის.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თბილისი მზად არის ახალი ინიციატივებიც შესთავაზოს სამხრეთ ოსეთის მხარეს, როგორიცაა მაგალითად, 15-წუთიანი ყოველდღიური საეთერო დროის გამოყოფა საქართველოს საზოგადოებრივ არხზე, რათა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შეეძლოთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მისი თქმით, თბილისს ასევე სურს რეგიონალური მაუწყებლობის შექმნა, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.


“ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ საპენსიო დავალიანება, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან დაგროვდა და ასევე შესაძლებელია, რომ ეს თანხები უკვე 2006–2009 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში აისახოს“, დასძინა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს მმართველობის სკოლა მზად არის მიიღოს 50 აბიტურიენტი სამხრეთ ოსეთიდან და მათ უფასო სწავლება შესთავაზოს.


“ჩვენ ამ წინადადებაზე [სამხრეთ ოსური მხრიდან] შესაბამისი პასუხი არ მიგვიღია. ეს გეგმა ფაქტიურად ოცნებათა სიაა. იქ ყველაფერია, რაზეც ადგილობრივ ოსურ მოსახლეობას უდესმე უოცნებიათ“, განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს, მზად არის “რადიკალური და არაორდინალური ნაბიჯები გადადგას“.


მისივე თქმით საქართველოს ახალ ხელისუფლებაში იცვლება კონფლიქტისადმი მიდგომები. “მაგალითად, ადრე პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იყო თუ გამოიყენებდი ტერმინს – სამხრეთ ოსეთი,“ განაცხადა პრეზიდენტმა. ბევრი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსებიც, ამ თვითგამოცხადებულ რეგიონს “ცხინვალის რეგიონის“ ან სამაჩაბლოს სახელით მოიხსენიებენ, რათა არ გამოიყენონ ტერმინი “სამხრეთ ოსეთი“, რაც სამხრეთ ოსეთის მხარის გაღიზიანებას იწვევს.


პრეზიდენტის განცხადებით არსებული სიტუაციის შენარჩუნება “მიუღებელი და შეუძლებელიც არის.“ “თავად ტერმინი – გაყინული კონფლიქტი – სისულელეა,“ დასძინა მან.


სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია აღდეს საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრები. ბოლო მსგავსი შეხვედრა გარდაცვლილ პრემიერ–მინისტრს ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითს შორის შარშან ნოემბერში სოჭში შედგა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button