ახალი ამბები

ნოღაიდელმა ახალი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 30 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრად ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე ვალერი ჩეჩელაშვილს შეცვლის. ამ უკანასკნელმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სამართალდამცავებმა საგადასახადო დეპარტამენტის რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. 


ნოღაიდელმა ეკონომიკის განვითარების ახალ მინისტრად  ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ჩოგოვაძე წარადგინა.


“ლექსო ალექსიშვილმა დიდი როლი ითამაშა პრივატიზაციის პროცესში და ეკონომიკის განვითარების გეგმების შემუშავებაში“, განაცხადა ნოღაიდელმა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე. ეკონომიკის მინისტრად დანიშვნამდე, ლექსო ალექსიშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.


პრემიერ-მინისტრმა უარყო მედიით გავრცელებული ვარაუდები მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი გადაადგილებების თაობაზე და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

29 ივნისს ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის გადადგომას მთავრობაში დაგეგმილი გადაადგილებების თაობაზე ქართული მედიის ვარაუდები მოჰყვა, მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებისა, რომ მთავრობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.

კერძოდ, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ და ტელეკომპანია “იმედმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფინანსთა მინისტრის პოსტს პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაუბრუნდება, ხოლო ამ უკანასკნელს კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეცვლის. ამავე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სავარაუდოდ ოქრუაშვილს შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ხოლო პოლიციის აკადემიის რექტორი ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება.

მთავრობის სხდომაზე 29 ივნისს გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია მთავრობის საქმიანობით და რაიმე მნიშვნელოვანი გადაადგილება ამ ეტაპზე არ იგეგმება. “ჩვენ სტაბილური მთავრობა გვყავს“, დასძინა მან.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, იგი საგადასახადო დეპარტამენტში 28 ივნისს პოლიციის მიერ განხორციელებული დაკავებების შემდეგ გახდა იძულებული დაეტოვებინა თანამდებობა. დაკავებულთა შორის არიან თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსი თემურ დვალი, მისი მოადგილე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. დვალს ბრალად ედება სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება, ხოლო დანარჩენები ეჭვმიტანილნი არიან  150,000 ლარის ოდენობის ქრთამის აღებაში, რომელიც, როგორც გამოძიება ირწმუნება, მათ ერთ-ერთი კერძო ფირმისთვის 3 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადის ჩამოწერის სანაცვლოდ აიღეს.
 
ამ ფაქტის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსთხოვა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს “დაეყენებინა ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის“ საკითხი და სისტემაში “ფუნდამენტალური და სასწრაფო რეფორმები“ განეხორციელებინა.  
 
“ეჭვიც არ მეპარება, რომ [ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვალერი] ჩეჩელაშვილი პატიოსანი ადამიანი და კარგი პროფესიონალია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ არ გყავდეს კორუმპირებული თანამშრომლები შენს გარშემო“, განაცხადა სააკაშვილმა 29 ივნისს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.
 
ჩეჩელაშვილმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება “სამართლიანი“ იყო. ექს–მინისტრის თქმით, მას “ვერ წარმოედგინა,“ რომ საგადასახადო დეპარტამენტში კორუფციის ასეთი მაღალი დონე იყო. 
 
“ნათელია, რომ სისტემას სასწრაფო და ფუნდამენტალური რეფორმები სჭირდება … ჯერ კიდევ შესაძლებელია დამატებით სულ ცოტა 100 მილიონი გადასახადის შეგროვება [პრეზიდენტმა ვალუტა არ დააკონკრეტა]“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 29 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩეჩელაშვილი კარგი პროფესიონალია და “თავის დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება“.
 
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვალერი ჩეჩელაშვილი რუსეთში საქართველოს ელჩად მსახურობდა. მან მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა, რომელიც ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა.
 
არაოფიციალური ინფორმაციით, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ჩეჩელაშვილი ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერით სარგებლობდა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩელაშვილის გადადგომის შემდეგ საგადასახადო დეპარტამენტის რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელმა, საგადასახო დეპარტამენტის ახლადდანიშნული უფროსის ვაჟა პეტრიაშვილის გარდა, თანამდებობები დატოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button