ახალი ამბები

სოხუმი თბილისის მიერ საზღვაო სივრცის ჩაკეტვას აპროტესტებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა 28 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ჩაკეტოს საზღვაო სივრცის აფხაზეთის მონაკვეთი ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტისთვის ნიშნავს “აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევას“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


მისი თქმით, “საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო ადექვატურ ზომებს მიიღებს“.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზღვაო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი გასული წლის აგვისტოს შემდეგ ჩაკეტილია. დაძაბულობა თბილისსა და სოხუმს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთში მიმავალ თურქულ გემს ცეცხლი გაუხსნა.


აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყების 28 ივნისის განცხადებას “პროვოკაცია“ უწოდა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, თბილისი ყოველ ზაფხულს ცდილობს დაძაბულობა გაამწვავოს რეგიონში. ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთი ტურისტებს ელის, ძირითადად  რუსეთიდან.


აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა ოთარ ხეციამ 28 ივნისს “აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები “ყველაფერს გააკეთებენ“ იმისათვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტების უსაფრთხოება დაიცვან.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button