ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის კრიმინოგენულ ვითარებას შსკ მოსკოვში განიხილავს

22 ივნისს მოსკოვში გაიმართება შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) საგანგებო სხდომა, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილდება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილ რთულ კრიმინოგენულ ვითარებაზე. თავდაპირველად სხდომა 21 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ერთი დღით გადაიდო, რადგანაც დელეგაციები დროულად ვერ ჩავიდნენ მოსკოვში.


ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე შსკ-ს მეორე სხდომაა. საგანგებო სხდომა მას შემდეგ მოიწვიეს, რაც 29 მაისს შეიარაღებული შეტაკებისა და 6 ივნისს ოთხი ქართველის გაუჩინარების შემდეგ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებით გამწვავდა.

21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება “არადამაკამყოფილებელს” უწოდებს ერთიანი ქართულ–ოსური ჯგუფის მიერ ამ ინციდენტების გამოძიების შედეგებს.


“მოსალოდნელია, რომ მხარეები შეიმუშავებენ ეფექტურ ზომებს, რათა დაჩქარდეს ამ ინციდენტების გამოძიება და მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათი განმეორების შესაძლებლობა. ამ საკითხის გარდა, განხილული იქნება კონფლიქტის ზონის შემდგომი დემილიტარიზაციისა და [რეგიონის] სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებიც”, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში. 


გარდა ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებისა, შსკ–ს სხდომას ასევე დაესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ მინძაევი.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა ელჩმა ვალერი კენიაიკინმა 22 ივნისს “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ სავარაუდოდ ხელი მოეწერება ოთხმხრივ ოქმს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის შესახებ.


22 ივნისს “რია ნოვოსტი” ასევე იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ “თუ შსკ ვერ შეთანხმება სიტუაციის დარეგულირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე, ჩვენ [ქართული მხარე] ვიფიქრებთ, თუ როგორ ვიმუშავოთ კანონის ჩარჩოებში, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში”.


“საქართველოს შეუძლია განახორციელოს ცალმხრივი ღონისძიებები, ვფიქრობთ, ეს არ იქნება სწორი. კიდევ ერთ შანსს მივცემთ ჩვენს კოლეგებს, რათა საბოლოოდ მოვაგვაროთ ყველა საკითხი”, განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button