ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა თბილისში იმართება

21-22 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტარდება ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა მინისტრების მოადგილეების დონეზე. მასში ასევე მონაწილეობენ ბრიუსელიდან ჩამოსული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მისიათა წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა ელჩები და ევროკომისიის წარმომადგენლები.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ამ შეხვედრაზე ევროკომისიის წინაშე პირველად იქნება განხილული ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის საქართველოს პრიორიტეტები. საუბარი იქნება ასევე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების სფეროში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და სხვა საკითხებზე.


მას შემდეგ, რაც 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის წევრად ცნობის შესახებ, მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთან სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის კონსულტაციებს, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დაიწყება და წლის ბოლომდე სამოქმედო გეგმის მიღებით დასრულდება.

საქართველოს პარლამენტმა 20 მაისს ასევე მიიღო განცხადება სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამოქმედო გეგმა,  რომელიც დაეფუძნება საქართველოს შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს, სამ წლიან პერიოდს დაფარავს.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირის გაფართოებით გამოწვეული დადებითი შედეგების მეზობელი ქვეყნებისთვის გაზიარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button