ახალი ამბები

ბურჯანაძე: ცხინვალის რეგიონში დამატებითი ძალების შეყვანას არ ვაპირებთ

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე არ გეგმავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში დამატებითი ძალების შეყვანას, მიუხედავად იქ არსებული დაძაბული ვითარებისა.


“ეს [ძალების შეყვანა] კიდევ უფრო გაართულებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და რეალურად იქნება პროვოცირება იმისა, რაც შარშან ზაფხულს [შეიარაღებული შეტაკებები ქართულ და ოსურ მხარეებს შორის] მოხდა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


დიდი ლიახვის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის თხოვნა გააცნო პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კოლეგებს. მისი თქმით, დღეისათვის ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 6 ივნისს ოთხი ქართველი უკვალოდ გაუჩინარდა კოფლიქტის ზონაში.


ვახტანგაშვილმა ბრალი დასდო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას დემილიტარიზაციის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევაში. მისი თქმით, ოსური მხარე აგრძელებს სამხედრო დანიშნულების საფორთიფიკაციო ნაგებობების გაძლიერებას იმ მთებზე, რომლებიც ქართულ სოფლებს გადმოჰყურებს.


ყოველივე ამის ფონზე ნინო ბურჯანაძე იზიარებს ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას და მიმართავს მათ თხოვნით არ აყვნენ “არაკეთილმოსურნე ძალების“  მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას და შეინარჩუნონ სიმშვიდე.


“ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ განახლდეს მაშტაბური საომარი მოქმედებები [ცხინვალის რეგიონში]… ის, რომ  დღეს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თავშეკავებული იყოს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოსახლეობის ბედი არ გვაღელვებს ან ვინმესი გვეშინია“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აქვე დასძინა, რომ “ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი გზით სურს“. 


“ამის დადასტურება იყო შარშან [აგვისტოში] მომგებიანი პოზიციიდან ჯარის გამოყვანა…ცხინვალისთვის სამშვიდობო გეგმის შეთავაზება…
მაგრამ თუ ვინმე ჩვენი მოსახლეობის მიმართ განახორციელებს რაიმე ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, გარწმუნებთ, რომ უმკაცრესად დაისჯება და საფორთიფიკაციო ნაგებობები მათ არ უშველით“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ამ განცხადებების შემდეგ “მემარჯვენე ოპოზიციის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ წამოწია კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალებში ქართული კონტიგენტის დასაშვებ ზღვრამდე გაზრდის საკითხი. შეთახმების მიხედვით, ქართული, რუსული და ოსური მხარეებისთვის შერეულ სამშვიდობო ძალებში 500–კაციანი ქვოტაა გათვალისწინებული.


“ჩვენ არ ვითხოვთ კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების გაგზავნას; ჩვენი მოთხოვნაა, რომ კუთვნილი ქვოტა შევავსოთ. დღეს იქ გაცილებით ნაკლები  ქართველი სამშვიდობო იმყოფება, ვიდრე უფლება გვაქვს, რომ გვყავდეს – 500 კაცი. ჩვენ ვერ მოვისმინეთ მთავრობისაგან საფუძვლიანი არგუმენტები, თუ რითია ეს სიტუაცია განპირობებული“, განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button