ახალი ამბები

ჩოჩიევი ქართველების გაუჩინარებას შურისძიებას არ უკავშირებს

ცხინვალში 8 ივნისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გოგა ხაინდრავასთან შეხვედრის შემდეგ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის გაუჩინარება სოფელ თამარაშენთან 29 მაისს მომხდარ წინამორბედ ინციდენტს არ უკავშირდება.


“ეს იმ ბიზნესთან არის დაკავშირებული, რასაც ეს [დაკარგული] პიროვნებები ეწეოდნენ და არ უკავშირდება პოლიტიკას ან შურისძიებას“, განუცხადა ბორის ჩოჩიევმა ჟურნალისტებს.


დაკარგულთა ახლობლები ერთ–ერთ ძირითად ვერსიად შურისძიებას განიხილავენ 29 მაისის იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რომელსაც თამარაშენთან მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ოთხი ოსი სამხედროსა და ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. 


გოგა ხაინდრავა შექმნილი ვითარების გასარკვევად ცხინვალს 8 ივნისს საღამოს ეწვია და ბორის ჩოჩიევსა და კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა.


სახელმწიფო მინისტრმა მიმართა ოსურ მხარეს დროულად მოხდეს ქართველების მოძებნა, რათა თავიდან იქნეს აცილებული “გამოუსწორებელი” შეცდომები.


“ოსური მხარე არანაკლებ არის დაინტერესებული მათი მოძებნით“, აცხადებს ბორის ჩოჩიევი.


გოგა ხაინდრავამ დაკარგული ქართველების ოჯახის წევრებიც მოინახულა და განუცხადა, რომ “ისინი ცოცხლები არიან“.


თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია იმ ქართველთა ადგილსამყოფელი, რომელთა კვალიც 6 ივნისს ცხინვალში დაიკარგა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button