
ცხინვალის რეგიონში სიტუაცია კვლავ მწვავდება
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გასული ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია 29 მაისს მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ მეორედ მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 ივნისს ოთხი ქართველი ცხინვალის მიდამოებიდან გაუჩინარდა. ოფიციალურმა თბილისმა ინციდენტს უკვე მისცა გატაცების კვალიფიკაცია, მაშინ, როცა ცხინვალი აცხადებს, რომ ქართველების დაკარგვა “კრიმინალურ გარჩევებს“ უკავშირდება. მოსკოვი კი მხარეებს სიტუაციის “ეთნიკურ კონფლიქტში“ გადაზრდის თავიდან აცილების მიზნით თავშეკავებისაკენ მოუწოდებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაში მცხოვრები სამი ქართველი გალაქტიონ, ჰამლეტ და მამუკა ხაჭაპურიძეები და ხაშურის რაიონის მკვიდრი მამუკა ლომიძე 6 ივნისს ცხინვალის მიდამოებიდან გაუჩინარდნენ.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის ოსი პოლიციელებიც, და კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბრეგაძემ 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა ქართველების გატაცების ფაქტი, რასაც გამოძიება ორი დღის მანძილზე ერთ–ერთ ძირითად ვერსიად განიხილავდა.
ბრეგაძის განცხადებით, როგორც ქართველი, ისე ოსი სამართალდამცავებისათვის ცნობილია გამტაცებელთა ჯგუფის ვინაობა. “მოვუწოდებთ ამ ჯგუფს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გატაცებულები“, აცხადებს ბიძინა ბრეგაძე.
მან ასევე კატეგორიულად მოსთხოვა ოს კოლეგებს გატაცებულთა გათავისუფლების მიზნით ყველა შესაბამისი ზომის მიღება, თუმცა აქვე დასძინა, ფაქტები მეტყველებს, რომ “ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს კრიმინოგენულ ვითარებას კონფლიქტის ზონაში“.
თუმცა ცხინვალი მომხდარ ინციდენტს “კრიმინალურ გარჩევებს“ უკავშირებს და აცხადებს, რომ გაუჩინარებული ქართველები “კრიმინალურ ბიზნესს“ ეწეოდნენ.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი 8 ივნისს ავრცელებს განცხადებას, სადაც პროტესტია გამოთქმული კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული საგუშაგოების გაძლიერების გამო.
კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულების შემდეგ თამარაშენსა და ერგნეთში განლაგებული ბლოკ–პოსტები, შერეული სამშვიდობო ძალების გადაწყვეტილებით, გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა აცნობა.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს კრიმინოგენული ვითარების გამწვავების გამო თავი შეიკავონ კონფლიქტის ზონაში გადაადგილებისაგან.
ამავდროულად, მოსკოვი ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 ივნისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით თავშეკავებისაკენ მოუწოდებს.
29 მაისს კონფლიქტის ზონაში ასევე გართულდა სიტუაცია, როცა შეიარაღებულ შეტაკებას ოთხი ოსი სამხედროსა და ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ინციდენტს ქართულ–ოსური ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი იძიებს.
ამ ინციდენტის “ეთნიკურ კონფლიქტში“ გადაზრდის თავიდან აცილებას მოსკოვი შერეული საკონტროლო კომისიის “ენერგიული მოქმედებების“ დამსახურებად მიიჩნევს.
თუმცა 6 ივნისის ინციდენტის შემდეგ “სიტუაცია კვლავ საშიშ ზღვარს მიუახლოვდა“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში საქართველოსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების “სასწრაფოდ შეხვედრას“.
ცხინვალის რეგიონში გასული წლის ანალოგიური პერიოდიდან მეტ–ნაკლები ინტენსივობით დაიწყო სიტუაციის გართულებები კოფლიქტის ზონაში, რაც მოგვიანებით მხარეთა შორის 2004 წლის აგვისტოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.