ახალი ამბები

ბუშსა და სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და მის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს შორის 3 ივნისს სატელეფონო საუბარი შედგა. “თეთრი სახლის“ ოფიციალური წარმომადგენლის სკოტ მაკლელანის თქმით, პრეზიდენტებმა სეპარატისტული კონფლიქტები და რუსეთსა და საქართველოს შორის ბაზების გაყვანის თაობაზე ცოტა ხნის წინ მიღწეული შეთანხმება განიხილეს. 


“აშშ-ის პრეზიდენტმა [ჯორჯ ბუშმა] თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და მოსკოვთან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმების მიღწევა მიულოცა. ორი ქვეყნის ლიდერებმა აღიარეს რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს მიღწეული შეთანხმების განხორციელებას და ასევე სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“, განაცხადა სკოტ მაკლელანმა 3 ივნისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


“ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხი, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და მის ფარგლებს გარეთაც დემოკრატიის განვითარების მიზნით“, დასძინა მან.    


“თეთრი სახლის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტებმა ასევე მოკლედ მიმოიხილეს ხელყუმბარის ინციდენტი. ხელყუმბარა 10 მაისს თბილისში თავისუფლების მოედანზე იქნა ნაპოვნი, სადაც ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედების იყო.


სკოტ მაკლელანის თქმით, ორმა პრეზიდენტმა დეტალები არ განიხილეს საუბრისას, რადგანაც საქმე ჯერ გამოძიებაშია.


“პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა უშიშროების იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც იპოვა და ამოიღო [ხელყუმბარა]”, დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button